ლობჯანიძემ „კაისარი“ დატოვა - შემოთავაზებებია ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან
საქართველოს ნაკრების თავდამხმელმა გუჯა ლობჯანიძემ კიზილორდას „კაისარი“ დატოვა – ინფორმაცია გამოცემა „სპორტს“-მა გაავრცელა და ფეხბურთელის ინტერვიუც გამოაქვეყნა.
„სანაკრებო პაუზის შემდეგ, ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა, მაგრამ გუნდების ნაწილს ფეხბურთელები დააკლდა. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი კლუბის მენეჯერებმა ფეხბურთელებთან კონტრაქტები ნოემბრის პირველ რიცხვებამდე გააფორმეს. ასე მოხდა „კაისარში“, სადაც ხელშეკრულების ვადა 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის თავდამსხმელს, გუჯა ლობჯანიძეს ამოეწურა“, – წერს ყაზახური გამოცემა.
„სპორტთან“ ინტერვიუში გუჯა ლობჯანიძემ „კაისარიდან“ წასვლა დაადასტურა.
„საქართველოს ნაკრების შეკრების შემდეგ „კაისარში“ აღარ დავბრუნებულვარ, რადგან ჩემი კონტრაქტი დასრულდა. არ ვიცი, რატომ გაკეთდა ეს 13 ნოემბრამდე. მაგრამ ასე მხოლოდ ჩემი ხელშეკრულება არ ყოფილა. თუ არ ვცდები, „თარაზშიც“ ასე იყო. კლუბის ხელმძღვანელობას სურდა ჩემპიონატი ბოლომდე დამემთავრებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, კონტრაქტი აღარ მქონდა და გარდა ამისა, ვიზაც დასრულდა. ჩემს ადგილზე ყველა ამას გააკეთებდა. გარდა ამისა, ახლა ყაზახეთში დაბრუნება ძნელია. ყველა ამ მიზეზმა იმოქმედა“, – აცხადებს ლობჯანიძე.
მან ახალ შემოთავაზებებზეც ილაპარაკა:
„ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად გავაგრძელებ ჩემს კარიერას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. სხვა კლუბების შემოთავაზებებიც არის ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული საუბრები არ ყოფილა. უნდა დაველოდოთ ჩემპიონატის დასრულებას“.
გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კიდევ ერთი გოლი „ირტიშის“ ჩემპიონატიდან გასვლის გამო გაუუქმეს.