ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონია. K ლიგა 1-ის საჩემპიონო ჯგუფში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „დეგუს” უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და მეტოქეებისთვის უკვე მიუწვდომელია.

ყაზაიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა და, შესაბამისად, ვაკო ტიტულის ორგზის მფლობელია.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ 30 წლის ყაზაიშვილი გუნდის გატანილი გოლების (58) 20 პროცენტში მონაწილეობდა.

K ლიგა 1-ის საჩემპიონო ჯგუფში თამაშობს ბექა მიქელთაძის „გვანჯუც“, რომელმაც საკუთარ სტადიონზე „ინჩჰონი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. მიქელთაძე მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, მისი გუნდი კი მესამე ადგილზე გავიდა.

ჩინეთის ლიგა 1-ში ელგუჯა ლობჯანიძის „ჰეილონძიანმა“ „დონგუანს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა.