ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT
ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT

ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთში გააგრელებს. 30 წლის თავდამსხმელი „მეიჟოუ ჰაკას“ ღირსებას დაიცავს, – ინფორმაციას ჩინეთის სუპერლიგის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ელგუჯა ლობჯანიძე „მეიჟოუ ჰაკას“ შეუერთდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2023 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. ლობჯანიძე, ცნობილი როგორც „ლობო“, დაიბადა 1992 წელს, თბილისში. ცენტრფორვარდია და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ის ახალ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია ჩინური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ლობჯანიძემ კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, თამაშობდა ქობულეთის „შუქურასა“ და ბათუმის „დინამოში“, 2017 წელს „ორენბურგს“ შეუერთდა, 2019 წელს კი ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც 4 სეზონი ითამაშა – „თარაზში“, „ქაისარსა“ და „ტობოლში“. 2022 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ ზაფხულში ისევ ყაზახეთში დაბრუნდა და „ყიზილ ჟარში“ ჩაირიცხა.

ლობჯანიძე 2020 წელს ყაზახეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავიდა, 2021 წელს „ტობოლში“ ყაზახეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა. 2022 წლის სეზონში გადავიდა „ყიზილ ჟარაში“. 2017 წლიდან იწვევენ საქართველოს ნაკრებში, რომლის ფორმითაც 11-ჯერ ითამაშა.

ჩინეთის ჩემპიონატში ბევრ ქართველს არ უთამაშია – პირველად, 1994 წელს, ზაალ ქოჩლაძე გადავიდა, მოგვიანებით კი გიორგი ჩიხრაძემ და მეკარე გოჩა ჟორჟოლიანმა მოსინჯეს ძალები.