ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ი აშშ-ის კონგრესს წერილს უგზავნის - „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელობით, საქართველო დასავლურ ალიანსს და აშშ-ს ყველაზე მეტად დაუახლოვდა
ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ი აშშ-ის კონგრესს პარტია „ქართული ოცნების“ სახელით წერილს უგზავნის, რომელიც 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება. წერილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრის ელექტრონულ ბაზაში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში გამოქვეყნდა და 16 ივნისით თარიღდება.
წერილს ხელს აწერს ლობისტური კომპანიის Hogan Lovells-ის წარმომადგენელი, ყოფილი სენატორი ნორმ კოულმანი და მას თან ახლავს პარტია „ქართული ოცნების“ განცხადება.
„პარტია „ქართული ოცნება“ დიდად აფასებს, რომ სტრატეგიული ინციატივა ადასტურებს საქართველოს მტკიცე ვალდებულებას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი. „ქართული ოცნება“ გამოხატავს შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ნეგატიური განცხადების გამო. როგორც ჩანს, ეს კომენტარები გაკეთდა ყოველგვარი დოკუმენტური მხარდაჭერის გარეშე. „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელობით, საქართველო დასავლურ ალიანსთან და აშშ-თან ყველაზე მეტად დაახლოვდა. „ქართული ოცნება“ ელოდება „რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის“ წევრებთან მუშაობას აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, – ნათქვამია წერილში, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ნორმ კოულმანის სახელით გაიგზავნა.
კოულმანის წერილს თან ახლავს „ქართული ოცნების“ განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
„წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტი ადასტურებს, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები აცხადებენ: საქართველოს ვალდებულება დასავლური ალიანსისადმი, ნატო-სადმი და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისადმი არასდროს ყოფილა იმაზე ძლიერი, ვიდრე დღეს. რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტი ადასტურებს, რომ საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მივესალმებით რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის მტკიცე განცხადებას კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მხარდასაჭერად. ამ მნიშვნელოვანი კანონის დამტკიცება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს. მოდით, ვიყოთ გულწრფელი: პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მთავრობამ საქართველო დასავლურ ალიანსს, აშშ-ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვა. ამ კონტექსტში, რესპუბლიკური კვლევითი ინსტიტუტის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები დამაბნეველია. რესპუბლიკური კვლევითი ინსტიტუტის ამ მტკიცებულებების მხარდასაჭერად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, მთავრობა განაგრძობს აშშ-სთან მჭიდრო მუშაობას რუსეთის აგრესიის წინაშე საქართველოს მზადყოფნის და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩაშლისკენ მიმართული კიბერთავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და იმისთვის, რომ საბოლოოდ ვიხილოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გაყვანა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
წერილში მოყვანილია ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის შესახებ ფაქტები. კერძოდ, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ გააფორმა ისტორიული ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და მოიპოვა უვიზო რეჟიმი ევროპასთან. გაძლიერდა ნატო-სთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. ქვეყანა მონაწილეობს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნაში ნატო-სთან და ალიანსს ახალი ობიექტების განთავსებაზე დათანხმდა. ამას გარდა, საქართველომ ხელი მოაწერა 2016 წელს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს და 2017 წელს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. წერილი ასევე შეიცავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის წარმატებული ქართველის ბიზნესმენი, ფილანტროპი და პოლიტიკოსი, რომლის ერთადერთ მიზანს უფრო მეტად ძლიერი და აყვავებული საქართველო წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სიმდიდრიდან 1,5 მილიარდი დოლარი შესწირა ქართველ ხალხს, მან ააშენა ყველაფერი თეატრებიდან სპორტულ ცენტრებამდე და აღადგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მისი მმართველობით, პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო აახლოებს საქართველოს აშშ-სთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან“.