ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებითა და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სახალხო დამცველს მიმართა.
გაბუნია ნინო ლომჯარიას საქმეზე დროულ რეაგირებას და შესაბამისი დასკვნის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
დიმიტრი გაბუნია ასევე მოპასუხე მხარეს მისი და ზვიად დევდარიანის სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სარჩელის ფორმა სასამართლოს მიერ იქნა მოთხოვნილი.
მისივე განმარტებით, მათ საქმეში აქვთ მიმოწერები, რომლითაც ე.წ. მსხვერპლზე დაინტერესებული მხარე ზეწოლას ახდენს. დიმიტრი გაბუნიას თქმით, კვირის ბოლოს საქმის მასალების ნაწილს გაასაჯაროებენ.
„ჩვენ დამატებით ჩაგვბარდა 10 დღის წინ მასალები, რომელიც სახალხო დამცველთან არის შესული ერთ-ერთი ე.წ. მსხვერპლისგან, სადაც მან წარმოადგინა დამატებითი მასალები და ე.წ. ფსიქოლოგიური დასკვნა. საკმაოდ ვრცელია ჩვენი პასუხი, მათ შორის დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პასუხი და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ამ ეტაპზე ვერ ვასაჯაროებთ მასალებს, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება მხარეს არ გააჩნია. არ დგინდება ამ ეტაპზე შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტი.
რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენს მიერ წარმოდგენილია სოლიდური და კომპეტენტური „ნარკომანიისა და ფსიქოლოგიური პრევენციის ცენტრის“ დასკვნა, სადაც გაბათილებულია ეს დასკვნა. მას არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. ანუ, არ დგინდება ეს ფაქტი არანაირად“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.