თბილისის შემოგარენში თოვს. როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, სუსტი თოვა ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა.
„ცივი ჰაერის მასები, რაც ვრცელდება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის შემოგარენში იწვევს სუსტ თოვას. ასევე, ძირითადად მაღალმთიან რაიონებში, ბოლნისში, კახეთის ზოგიერთ რაიონში და ა.შ.“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, დოდო გვაზავას განცხადებით, კვირის განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.
„ამ საღამოს ცოტა შესუსტდება და ხვალ კვლავ განახლდება ნალექი მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ზოგან თოვლის სახით. დედაქალაქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კვირის განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ნავარაუდევი არ არის, ხვალ შესაძლებელია ტემპერატურამ 2 გრადუსით მოიმატოს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
ამასთან, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.