თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოზარდებისთვის ტექნოპარკში უფასო ვორქშოფები იმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკი 8 წლიდან ბავშვებსა და მოზარდებს უფასო ვორქშოფებზე იწვევს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტექნოპარკის FAB სკოლის მოსწავლეები მომავლის პროფესიებს დაუახლოვდებიან. ვორქშოფებზე ბავშვებს რობოტების მუშაობის პრინციპებს აცნობენ, რის შემდეგაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, თავადაც დააპროგრამონ ისინი.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, FAB სკოლა 8 წლის ზემოთ მოსწავლეებს ხუთ სხვადასხვა ვორქშოფს სრულიად უფასოდ სთავაზობს. Little Bits-ის ვორქშოფზე 8-დან 12 წლამდე მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები ელექტრონული კონსტრუქტორის გამოყენებით. LEGO ROBOTICS-ის ვორქშოფზე კი, 10-დან 14 წლამდე მოსწავლეები LEGO რობოტების მუშაობას ეცნობიან. FAB სკოლაში ვორქშოფები აგრეთვე 2D და 3D გრაფიკის მიმართულებით ტარდება. ორივე მიმართულება 10 წლიდან მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. 2D გრაფიკის ვორქშოფზე ბავშვები ვექტორული (ორგანზომილებიანი) გრაფიკის საწყისებს სწავლობენ. 3D ვორქშოფზე კი, მოსწავლეები სამგანზომილებიანი მოდელირების საწყისებს ეცნობიან და 3D გრაფიკულ პროგრამაში მარტივ მოდელებს ქმნიან.
„პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაახლოება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვორქშოფები უფასოა. ტექნოლოგიური ცოდნის პარალელურად, ბავშვები Fab სკოლაში ითვისებენ ანალიზის, სწორი მეთოდური მუშაობის, სივრცის აღქმისა და შემოქმედებით უნარებს. ვორქშოფზე ვიყენებთ პროგრამირებად რობოტს, რომლისგანაც სხვადასხვა ფიგურების აწყობაა შესაძლებელი. ვორქშოფებზე მოზარდები უამრავ ახალ უნარ-ჩვევას ივითარებენ და ცოდნასაც იღებენ. ეს ყველაფერი კი, მათი სამომავლო განვითარების კარგი საბაზისო საფუძველი ხდება “, – აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკის ფაბლაბში.
გარდა ვორქშოფებისა, ფაბლაბში FAB სკოლის საინფორმაციო შეხვედრებიც იმართება, სადაც მოსწავლეები იქ არსებულ თანამედროვე დანადგარებს: 3D პრინტერს, ლაზერულ მჭრელს, პროგრამირებად ჩარხს და სხვა მოწყობილობებს ათვალიერებენ. ასევე, საინფორმაციო ტურის ფარგლებში დეტალურ ინფორმაციას იღებენ ვორქშოფების შესახებ.
უფასო რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
Little Bits – ასაკი: 8-12 წლამდე
Lego robotics – ასაკი: 12-14 წლამდე
Arduino – ასაკი: 14-16 წლამდე
2D გრაფიკა – ასაკი 10 წლიდან
3D გრაფიკა – ასაკი 10 წლიდან