ლევან დავითაშვილი - მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული
ლევან დავითაშვილი - მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ახალი პროექტის – Do IT with the EU გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი მიზანი ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და IT სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე GITA-ს წარმატებულმა სტარტაპებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.

ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და ქვეყანაში ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარებაზე, ინოვაციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ საქართველოში ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება, ეს სექტორი ამ პერიოდიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაფუძნდა.

„სააგენტოს მეშვეობით ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განვითარდა და სულ სხვა ბიძგი მიეცა, რაც ეკონომიკაშიც აისახა რიცხვებში. ამისთვის დიდი მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ სააგენტოს, მის გუნდს და ყველა იმ პარტნიორს, ვინც ამ წლების განმავლობაში ახდენდა ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, მათ შორის, პროექტის მონაწილეებს. ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

პროექტის Do IT with the EU მიზანია საქართველოს IT სექტორში ინოვაციისა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობა. მის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, 1000 IT სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300 IT-ის კი დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, რათა კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეები და ვაკანსიები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ დაანონსებულ პროგრამებს, შეხვედროდნენ საერთაშორისო IT კომპანიის წარმომადგენლებს და მეტი ინფორმაცია მიეღოთ სფეროში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.