ტაილანდში სამაშველო ოპერაციის მეორე დღე დასრულდა - ამ ეტაპზე, გადარჩენილია რვა ბავშვი
ტაილანდში სამაშველო ოპერაციის მეორე დღე დასრულდა - ამ ეტაპზე, გადარჩენილია რვა ბავშვი

ტაილანდში სამაშველო ოპერაციის მეორე დღე დასრულდა, მღვიმიდან კიდევ სამი ბავშვი გამოიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ Guardian-ს საგანაგებო შტაბში წყარომ დაუდასტურა. შესაბამისად, გადარჩენილი ბავშვების რაოდენობა უკვე რვაა.

გამოქვაბულში კიდევ ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი რჩება.

როგორც СNN-ი იუწყება, სამაშველო ოპერაცია ტაილანდის მღვიმეში დღეისთვის დასრულებულია.

მღვიმიდან მოზარდების გამოყვანის მიზნით ოპერაცია ტაილანდში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. გუშინ მღვიმიდან ოთხი ბავშვი გამოიყვანეს, დღეს ჯერ ერთი მოზარდის გამოყვანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ კიდევ სამი მოზარდი იქნა გამოყვანილი.  ოპერაციაში 90 მყვინთავი მონაწილეობს. გადარჩენილი ბავშვები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა და მღვიმე წყლით აივსო. ჯგუფი მღვიმიდან ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ მღვიმის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.