სერგი კაპანაძე - სამწუხაროდ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლებში ხელშესახები პროგრესი არ არის
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ნატო-ს სამიტის მხრიდან მაღალი დონის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი არ არის, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ბრიუსელში, მიღებულ, ნატოს-ს სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, სტატუსი, რომელიც საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ მიიღო, ბევრი წელი ისევ შენარჩუნებულია და ამ კუთხით კონკრეტული პროგრესი არ ჩანს.
„მათ შორის, პროგრესი არ ჩანს არც მაპ-ის მიღების და არც ინტეგრაციის დაჩქარების მხრივ სხვა კუთხით. ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს. ორი ფაქტორი შემიძლია დავასახელო – სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან ჩვენ არ ვხედავთ მაღალ დონეზე ძალისხმევებს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თემა წინ წაწეული იქნას უფრო აქტიურად და მეორე – ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, რომელიც ხშირად გვესმოდა ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით. მაგალითად, გვინდა მაპ-ი თუ მაპ-ის გარეშეც გვინდა გაწევრიანება. ჯამში, ეს ყველაფერი არის გამომწვევი იმ განცხადებებისა და სტატუსისა, რომელიც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გუშინ 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან, სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მოუწოდებენ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე.
ამასთან, სამიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა გაიმართა.