სავალუტო ფონდი - საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება
კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სხვა რეგიონებზე, მათ შორის აფრიკის სახელმწიფოებზე. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისი საქართველოა, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“.
„საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში და ბოლო წლებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგია ახალი ბიზნესის გახსნის სტაბილურად მაღალი მაჩვენებელი, ასევე კერძო ინვესტიციების დონე, რომელიც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს აღემატება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, სადაც საქართველოში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი აღემატება როგორც რეგიონის, ისე განვითარებული ქვეყნების სტატისტიკას.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, სექტემბერში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 071 შეადგინა.