საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პროცედურებს განმარტავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და პროცედურებს განმარტავს.
უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად (რა დროსაც მოქალაქეებს განემარტათ საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აუცილებლობა) საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და ბოლო მონაცემებით ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გააქტიურებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.
„მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:
- ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე,
- განმარტებებისთვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე,
- აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა ,
- გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში.
ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:
- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა,
- საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე – შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში,
- მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება,
- საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება,
- ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე,
- აუცილებელია, ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
- დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.
მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში.