საბერძნეთში მდებარე არგენტინის საელჩოს თავს ანარქისტები დაესხნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ ათენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიპლომატიურ უწყებაში ათამდე პირი შეიჭრა. მათ შენობის მესამე სართულამდე ასვლა მოახერხეს. სამართალდამცველებმა ანარქისტების ჯგუფიდან ორი აქტივისტი დააკავეს.
მოგვიანებით, ანარქისტულმა ორგანიზაციამ „რუბიკონი“ სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლათინური ამერიკის სახელმწიფოს საელჩოზე თავდასხმა არგენტინელი ანარქისტის, სანტიაგო მალდონადოს მკვლელობის გასაპროტესტებლად განახორციელა.
საბერძნეთში ორგანიზაცია „რუბიკონის“ წევრები სხვა ქვეყნების დიპლომატიურ უწყებებზე, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაზე მსგავს თავდასხმებს ხშირად აწყობენ. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ანარქისტები იტალიის საკონსულოში შეიჭრნენ. 21 ოქტომბერს კი, ისინი კანადის საელჩოს დაესხნენ თავს.