ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, ამ დროისთვის, 21 ათასამდე პირმა ისარგებლა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, რომელიც 200 000-მდე მოქალაქეზეა გათვლილი, 2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, 20 622-მა პირმა ისარგებლა, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა პირველ ეტაპზე ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე გავრცელდა, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ის ფარგლებშია. პროგრამამ ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები მოიცვა – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი. ასეთ პაციენტებს შეუძლიათ 23 დასახელების წამალი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღონ.
მიმდინარე წლის აგვისტოდან კი, შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ.
ამასთან, 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ.
გასული წლის ივლისში, პროგრამის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მასში 150 000-200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა.