პაოლო ალი - იმედი მაქვს, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და ასპირანტი ქვეყნების მომავალზე მკაფიო ჩანაწერი იქნება
პაოლო ალი - იმედი მაქვს, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და ასპირანტი ქვეყნების მომავალზე მკაფიო ჩანაწერი იქნება

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ არაწევრ ქვეყანას ვერ და არ ექნება ნატო-ს გაფართოებაზე ვეტოს გამოყენების უფლება, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ნატო-ს გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ნატო გაფართოვდა და ამით დაარღვია შეთანხმება – ეს არის რუსეთის ნარატივი. რასაც რუსეთი ამბობს, არ არის მართალი და არ შეესაბამება სიმართლეს. ნატო-მ მიიღო ის ქვეყნები, რომლებსაც სურდათ გაწევრიანება და ნატო-ში შესვლა მოითხოვეს. რუსეთი ვერ იქონიებს გავლენას ნატო-ს გადაწყვეტილებებზე. ეს არის ნატო-ს მკაფიო და ძლიერი პოზიცია. რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას პროცესზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ნატო კომპრომისებზე არ მიდის“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და ასპირანტი ქვეყნების მომავალზე მკაფიო ჩანაწერი იქნება.

„დაველოდოთ სამიტის დეკლარაციას. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო ჩანაწერი საქართველოზე და ასპირანტი ქვეყნების მომავალზე. როგორც იცით, ნატო-ს გენერალური მდივანი ძალიან აქტიურია საქართველოსთან დაკავშირებით და აკეთებს ყველაფერს, რომ ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანებას ხელი შეუწყოს“, – განაცხადა პაოლო ალიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.