ნოდარ ხადური - „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩანაწერებში ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა
„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
„როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არც ერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება“, – ნათქვამია ხადურის განცხადებაში, რომელიც კონკურენციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.
ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ დაფინანსების წყაროს შეზღუდვაზე განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარული ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.
როგორც მთავარ პროკურატურაში პირველ არხს განუცხადეს, გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება.
ტელეკომპანია „იბერიამ“ განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.