ნატალია საბანაძე - ბრიუსელში დაგეგმილ სექტორულ შეხვედრებზე საკითხები სამი მიმართულებით განიხილება
ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სექტორულ შეხვედრებზე ძირითადად საკითხები სამი მიმართულებით იქნება განხილული, შედეგები კი, შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები შესაბამისი მიმართულებების ევროკომისრებს შეხვდებიან.
„ერთი ყველაზე ფართო მიმართულება არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა. კონკრეტული წინადადებებია. გამოყოფილია მიმართულებები, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება, რომ წახალისდეს ექსპორტი, განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე, წახალისდეს ინვესტიციები, სატრანსპორტო კავშირების გაბმა. ეს ყველაფერი იქნება განხილული და კონკრეტულ შედეგებს გამოვაცხადებთ შეხვედრების შემდეგ“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.
მისივე განმარტებით, მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და კულტურა.
„აქაც საუბრები იქნება იმაზე, რომ უკეთესი პირობები იყოს მაგალითად, პროგრამა „ჰორიზონტში“ ჩართულობის კუთხით. წახალისდეს მეცნიერების გაცვლა და ზოგადად, საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა. ესეც იქნება მსჯელობის ერთ-ერთი თემა“, – განაცხადა ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.
საბანაძის განმარტებით, მესამე მიმართულება არის უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული, საუბარია, როგორც შიდა, ასევე საგარეო და კიბერ უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, განიხილება საქართველოში მიმდინარე რეფორმები.
ბრიუსელში დღეს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. ფორმატი ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს.