მამუკა ბახტაძე - ევროპელ კოლეგებს ჩავუტანთ კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური 
მამუკა ბახტაძე - ევროპელ კოლეგებს ჩავუტანთ კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური 

ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბრიუსელში უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. მისივე თქმით, ეს არის თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატი, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ეს ფორმატი სპეციალურად შეიქმნა საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

გვექნება შეხვედრები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ბატონ ჟან-კლოდ იუნკერთან. სპეციალურად შექმნილი ფორმატია საქართველოსთვის, რომ შევძლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნებით, როგორ უნდა დავუახლოვოთ კიდევ უფრო მეტად საქართველო ევროპას.

ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ. შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, აქვთ კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ევროპელ კოლეგებს გააცნობენ. კერძოდ, როგორ შეიძლება საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.

„გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში ისეთი, როგორიც არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო და სხვა მიმართულებები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებს, ვიზიტის ფარგლებში, კონკრეტულად დავასრულებთ წარმატებული მოლაპარაკებებით”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები.

ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და გაიმართება მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.