მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მალხაზ კობაურის ახალმა ადვოკატმა საქმის სრული მასალების ასლები არ ჩაიბარა
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მალხაზ კობაურის ახალმა ადვოკატმა საქმის სრული მასალების ასლები არ ჩაიბარა

პროკურატურა არ არის ვალდებული, ერთ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილ ყველა ადვოკატს გადასცეს საქმის მასალების ასლები, როდესაც ის მიწოდებულია უკვე დაცვის მხარისთვის, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ახალი ადვოკატების – ვასილ მამულაშვილისა და ალექსანდრე კობაიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, ამის მიუხედავად, ვასილ მამულაშვილს მიეცა საშუალება, მისულიყო მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში და სრული მასალების ასლები ჩაებარებინა.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარე ვალდებულია, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე გადასცეს დაცვის მხარეს წერილობითი მტკიცებულებების ასლები, რაც 2018 წლის 11 ივლისს ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე განხორციელდა, როდესაც ჯერ ბრალდებულ მალხაზ კობაურს, ხოლო შემდგომ ადვოკატ მურმან ნიკოლეიშვილს გადაეცა საქმეში არსებული სრული მასალები. შემდეგ კი, საქმეში ჩაერთო ადვოკატი დავით გირგვლიანი და მისი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცა დამატებითი მტკიცებულებების ასლები, რაც მანამდე ბრალდების მხარეს არ ჰქონდა.

„მას შემდეგ, რაც დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა, იმავე დღეს, სახაზინო ადვოკატს ალუდა ბუჩუკურს, რომელიც დღემდე იცავს ბრალდებულს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ასლი და ინფორმაცია. 27 ივლისს საქმეში ჩაერთო კიდევ ორი ადვოკატი – ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე. მათ ითხოვეს საქმის მასალების გადაცემა. თავდაპირველად, ბრალდების მხარემ ადვოკატ მამულაშვილს მიაწოდა დამატებითი მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარისათვის და მისი ადვოკატებისთვის მანამდე გადაცემული არ ყოფილა და მასვე განემარტა, რომ დაცვის მხარისათვის სრულად იყო უკვე მიწოდებული ყველა მასალა. მიუხედავად ამისა, ადვოკატმა მამულაშვილმა კვლავ ითხოვა საქმის მასალების ასლების სრულად გადაცემა. პროკურატურა არ არის ვალდებული, ერთ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილ ყველა ადვოკატს გადასცეს საქმის მასალების ასლები, როდესაც ის მიწოდებულია უკვე დაცვის მხარისთვის, თუმცა ამის მიუხედავად, ადვოკატ მამულაშვილს მიეცა საშუალება, მისულიყო მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში და სრული მასალების ასლები ჩაებარებინა. ის გამოცხადდა დეპარტამენტში, თუმცა უარი განაცხადა დოკუმენტაციის ჩაბარებაზე, შემდგომ კი, მედიასაშუალებებით გაკეთდა მისი და ადვოკატ კობაიძის მხრიდან განცხადება, რომ თითქოს მათ არ აქვთ წვდომა მოპოვებულ მტკიცებულებებზე“, – განუცხადეს პირველ არხს პროკურატურაში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური დღემდე ჩართულია საქმეში და მალხაზ კობაურის ინტერესებს იცავს.

„შესაბამისად, ბრალდებულ მალხაზ კობაურის დაცვის უფლება არ დარღვეულა და ამავე დროს, საქმეში მოქმედ ადვოკატს გადაცემული აქვს საქმის მასალები“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დაცვის მხარემ მტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნით, 27 ივლისს მიმართა ბრალდებას, მაგრამ მხოლოდ 60-70 გვერდი დოკუმენტაცია გადაეცათ. მისი თქმით, დაცვის მხარეს არ გადასცემია ძირითადი მასალა, რაზეც ბრალდებაა აგებული.