მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე 233 მონაწილიდან ზღვარი 73-მა გადალახა
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე, 233 მონაწილიდან ზღვარი 73-მა გადალახა. აქედან, ერთი – საერთო სპეციალიზაციითაა, 21 – სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ხოლო 51 – სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობა, მონაწილეთა საერთო ოდენობის 30 პროცენტია, რაც ნორმალური მაჩვენებელია.
მისი თქმით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ყოველწლიურად აუცილებლად ჩატარდება, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებაა.
„ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას, რომ სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ჩატარდეს გამოცდა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ტარდებოდა აქამდე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, განახლდა შესაბამისი პროცედურები.
„ახალი საბჭოს შეკრებისთანავე დავიწყეთ მუშაობა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხებზე. კომისიის დაკომპლექტებისა და გამოცდების ჩატარების წესი შეიცვალა, კომისიის ყველა წევრმა გაიარა სპეციალური სწავლება თანამედროვე მეთოდიკაში, როგორ უნდა შეადგინოს ტესტები და კითხვები, ეს რა თქმა უნდა, მოითხოვდა დროსა და რესურსს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართოს. შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში, ორშაბათს და სამშაბათს -10:00 დან 17:00 საათამდე.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა 28 ივლისს ჩატარდება.