„მეცის“ სპორტული დირექტორი - მიქაუტაძეს იჯარით არ გავუშვებთ, ის ჩვენთან ითამაშებს #1TVSPORT
„მეცის“ სპორტული დირექტორი - მიქაუტაძეს იჯარით არ გავუშვებთ, ის ჩვენთან ითამაშებს #1TVSPORT

მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, ფილიპ გაიომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ფეხბურთელებით ახალი სეზონშიც დაეხმარება ბელგიურ „სერენს“, რომელიც პირველ დივიზიონში გიორგი მიქაუტაძის დახმარებით დაწინაურდა. 

გასულ სეზონში ფრანგული „მეცის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ შვილობილ კლუბში, ბელგიის პირველი დივიზიონის „სერენში“ იჯარით გაეშვა ის შვიდი ფეხბურთელი, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატში ნაკლებად თამაშობდნენ. მათ შორის იყო გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ბელგიის პირველი ლიგის ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, გუნდი კი მთავარ ბელგიურ ლიგაში დაწინაურდა.

„მეცი“ ფეხბურთელებით ახალი სეზონშიც დაეხმარება ბელგიურ „სერენს“, რომელიც ბელგიის პირველ დივიზიონში გიორგი მიქაუტაძის დახმარებით დაწინაურდა. ამის შესახებ ფილიპ გაიომ ილაპარაკა, რომელიც შეთავსებით ბელგიური „სერენის“ სპორტული დირექტორიცაა.

„ახალ სეზონში „სერენი“ ბელგიის იუპილერლიგაში ითამაშებს. ამ პროექტზე უარს არ ვამბობთ – გუნდს კვლავ აქვს სuრვილი, რომ მთავარ ბელგიურ ლიგაში კონკურენტუნარიანი იყოს და ამბიციები შეინარჩუნოს. ამიტომ, „მეცი“ კლუბში მოთამაშეებს იჯარით ახალ სეზონშიც გაუშვებს“, – განაცხადა ორი კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

ამავე დროს, ფილიპ გაიომ საგანგებოდ აღნიშნა, რომ იჯარით გასაშვებ ფეხბურთელების სიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აღარ არის.

„ჩვენ ბელგიაში ასევე გავუშვებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებმაც „მეცის“ ფორმით ლიგა 1-ში გამოცდილება მიიღეს. ამასთან, დასრულებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მიქაუტაძე შემდეგ სეზონს ითამაშებს არა „სერენში“, არამედ „მეცში“. ის ბელგიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ „მეცის“ მთავარ გუნდში სათამაშოდ და ადგილის დასამკვიდრებლად მზად არის“, – ამტკიცებს ფილიპ გაიო.