მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების ეტაპი დასრულდა, მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ
მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების ეტაპი დასრულდა, მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

მიმდინარე წლის სექტემბერში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სკოლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული ხარვეზები და დღესაც რჩება, თუმცა ყველა პრობლემა სისტემური მიდგომის ფარგლებში გადაიჭრება.

„ახლა დასრულდა გრიფირების ეტაპი. სექტემბრისთვის, მოსწავლეებს, პირველიდან მეექვსე კლასის  ჩათვლით, სკოლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები მიეწოდებათ. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო გარკვეული ხარვეზები და დღესაც რჩება. თუმცა, ამ ხარვეზების შესწავლა მიმდინარეობს. რეალურად მიდგომა იქნება სისტემური“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, გრიფირების პროცესში საკმაოდ ბევრი ექსპერტი არის ჩართული.

„შესაბამისად, ყველა დასმული კითხვა და პრობლემა სისტემურად გადაიჭრება“, – განაცხადა მან.

ამასთან, მინისტრის თქმით, მთლიანობაში საკითხი განიხილება, როგორც ერთიანი სასკოლო რეფორმა.

„მთლიანობაში განიხილება, როგორც ერთიანი სასკოლო რეფორმა, რომელიც ვფიქრობთ, მალე გვექნება წარმოდგენილი. ჩვენს ხედვას ყველა მიმართულებით წარვადგენთ და ყველა პრობლემა ამ სფეროს ექსპერტებთან იქნება შეჯერებული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.