ხულოში ხანძარს 20 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ემსხვერპლა. ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის დროს სახლში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არასრულწლოვანი იმყოფებოდნენ.
როგორც პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა, დაღუპულია 20 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ პირის გადასარჩენად შევიდა. ასევე, გარდაცვლილია შშმ პირიც.
მისი თქმით, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დღეს მოსახლეობას ხვდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი – ედუ კოჩალიძე