ხადას ხეობაში მკვლელობისთვის დაკავებულის მშობლებს არ სჯერათ, რომ დანაშაული მათმა შვილმა ჩაიდინა [ვიდეო]
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა მიიჩნევს, რომ მის შვილს სხვისი დანაშუალი დააბრალეს.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მისი ვაჟი ცხვარს მწყემსავდა, მაისში გუდაურის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ არ უნახავს. 7 ივლისს კი, ტელეფონზე ესაუბრა და უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს, თუმცა შვილმა უთხრა, რომ ტურისტები იყვნენ დაღუპული.
„სამი წელია ცხვარში დადის და ამ წლამდე სულ ახალგორში დადიოდა. ახლა აღარ შეუშვეს. მაისიდან წავიდნენ გუდაურისკენ, იმის მერე პირადად არ მინახავს. ერთადერთი, 7 ივლისს ტელეფონზე ვესაუბრე, მოვიკითხე, არანაირი აღელვება და დაბნეულობა, ჩვეულებრივ მესაუბრა. ვკითხე, როდის ჩამოდიოდა, მითხრა, ერთ-ორ კვირაშიო. ასევე ვკითხე, სხვა რა ხდებამეთქი, მიპასუხა, ვიღაც ტურისტები არიან დახოცილიო“, – განაცხადა დაკავებულის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა.
მისი თქმით, სხვა ინფორმაცია არ აქვს და შვილს გუშინ, შუადღიდან ეძებდა.
„გუშინ შუადღის აქეთ ვეძებეთ, თითქმის მთელი მცხეთა, მუხრანი მოვიარეთ, პოლიციაშიც არავინ გვცემდა პასუხს. დილით 112 გამოვიძახე, ისევ პოლიცია და მაგათ მითხრეს, რომ პოლიციაშია მცხეთაში გადმოყვანილიო. ვიღაცის მკვლელობას აბრალიან. ჩემი შვილი კი არა, უკან ვინც უდგას, ის უნდა მოძებნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტელეფონზე რომ ველაპარაკე, ერთი ის მითხრა, ვიღაც ტურისტები არიან დაღუპულები და ერთი ამბავიაო. ვიღაცის დანაშაულზე მიაბერტყეს ჩემს შვილს ხელი“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ.
დაკავებულის მამას, იური კობაურს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
მისი თქმით, ოჯახს ექვსი შვილი ჰყავს და ადგილობრივები ცუდად არც ერთს არ დაახასიათებენ.
„გეფიცები, არაფერი არ ვიცი. მე იქ არ ვყოფილვარ და რაც მე არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი. ყველა თავის შვილს იცავს, მაგრამ ჩემი შვილი ამას არ იზამდა. ზოგი იმას იძახის, ჩემი შვილი იცავდაო, ზოგი სხვას ამბობს. ერთი ვერსია არ არის იმის შესახებ, თუ რით, როგორ და რანაირად დაიღუპნენ. ამბობენ, ქალი ვარდებოდაო, ჩემი შვილი წასულა და დაუჭერია, კლდიდან ამოუყვანია. სოფელია, დასახლებაა, უბანია, შევეკითხოთ როგორი ადამიანია ჩემი 19 წლის შვილი. ექვსი შვილის მამა ვარ და არც ერთზე იტყვიან ცუდს. რაღაც უბედურება შეემთხვა, თუ რას დავაბრალო, მეც არ ვიცი“, – აცხადებს დაკავებულის მამა.
ხადას ხეობაში საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები, სმიტების ოჯახი რამდეიმე დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მათი 4 წლის შვილის ცხედარი კი, ჩანჩქერის მახლობლად დღეს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
საუბარია სმიტების ოჯახზე, რომელიც საქართველოში ექვს წელზე მეტია ცხოვრობს. მათ მარნეულში საკუთარი სახლიც ჰქონდათ.