რას ყვებიან ხადას ხეობაში მოკლული სმიტების შესახებ მარნეულში მეზობლები

ხადას ხეობაში მოკლულ რაინ სმიტს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ის ძველი ხალიჩებით იყო დაინტერესებული, ეძებდა ძველ, დაკარგულ ორნამენტებს და მის აღდგენას ცდილობდა,  – ამის შესახებ პირველ არხს მარნეულში, სმიტების ოჯახის მეგობარმა, საბინა თალიბოვამ განუცხადა.

რაიან და ლორა სმიტები მცირეწლოვან შვილთან ერთად, მარნეულში ცხოვრობდნენ, მათ ქალაქში საკუთარი სახლიც ჰქონდათ.

მეგობრის თქმით, რაიან სმიტმა ხალიჩების გამოფენა რამდენჯერმე თბილისშიც მოაწყო.

ამასთან, როგორც საბინა თალიბოვა ამბობს, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ქალაქ მარნეულში ადგილობრივი ბავშვებისთვის სრულიად უფასოდ სათამაშო მოედნის მოწყობასაც გეგმავდნენ. მეგობრების თქმით, ლორა სმიტს, რომელიც პროფესიით პედაგოგი იყო, უკვე ჰქონდა მოძიებული სრულიად უფასოდ 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ატრაქციონები, რომლის ჩამოტანას და დამონტაჟებას გეგმავდა. ტერიტორიის გამოყოფის მიზნით კი, ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია.

სმიტების მეზობლის, ტურხანა მამედოვას შეფასებით, რაიან და ლორა სმიტები მშვიდი და კეთილგანწყობილი ხალხი იყვნენ.

„ბოლოს, გამგზავრებამდე ჩემმა რძალმა ნახა. სმიტები შვილთან ერთად სახლიდან მარტო გავიდნენ. ისინი მშვიდი, კეთილგანწყობილი ხალხი იყვნენ. მეზობლებსაც ხშირად ეხმარებოდნენ. კაცი ვარჯიშობდა, სპორტსმენი იყო. ყველანი შოკში ვართ. უკვე ერთი წელია, ამ სახლში ცხოვრობენ“, – განაცხადა მეზობელმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს, დღეს კი, ბავშვის ცხედარიც აღმოაჩინეს.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები იყვნენ. შსს-ს ცნობით, ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს.