კახა კახიშვილი - მადლობა მსჯავრდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშე რეფორმის გატარება შეუძლებელი იქნებოდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ინიშნება, საზოგადოებას, სამინისტროს თანამშრომლებს, სამთავრობო გუნდის ახალ ხელმძღვანელს, ასევე მსჯავრდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ნდობისთვის მადლობას უხდის.
როგორც კახა კახიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს, ნდობა და მხარდაჭერა რეფორმების გატარებისა და სიახლეების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო.
„ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.
მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.
მინდა, მადლობა გადავუხადო მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება“, – წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.
ყოფილი მინისტრი ასევე მადლობას უხდის მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისა და რჩევებისთვის.
„ასევე, მადლობას ვუხდი მათ შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში.
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნულია კახა კახიშვილის მიერ გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად წარადგინა.