კახა ბექაური - დღეს საქართველოში აბსოლუტური მედიაპლურალიზმი და თავისუფლებაა
კახა ბექაური - დღეს საქართველოში აბსოლუტური მედიაპლურალიზმი და თავისუფლებაა

დღეს საქართველოში აბსოლუტური მედიაპლურალიზმი და თავისუფლებაა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა., – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

ბექაური მიიჩნევს, რომ „იბერიის“ საკითხი არ არის მედიის თავისუფლებისთვის ხელის შეშლა.

ასევე, როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ამბობს,  დაუშვებელი უნდა იყო, რომ რომელიმე ბიზნესს მედიასაშუალება ბიზნესში გარკვეული პრეფერენციების მისაღებად გამოიყენონ.

„ესეც დაუშვებელი უნდა იყოს. ამიტომ ამის აყვანა რანგში, რომ თურმე, ქვეყანა დაიქცა და მედიის თავისუფლება აღარ არის, არასწორია. საქართველოში მედიის თავისუფლება არის. მაშინაც ვთქვი, როდესაც „იბერიაზე“ მკითხეს, მაშინ „ტვ პირველის“ საკითხიც იყო. მედიის თავისუფლება იმაშია, რომ ზოგიერთი მედიამფლობელი თავის ტელევიზიას პოლიტიკური მიზნებისთვის და ლობიზმისთვის გამოიყენებს, ზოგიერთი ბიზნესის ლობირებისთვის. მთავარია, ყველამ კანონი დავიცვათ და ის არ დაირღვეს, ანუ არ ჰქონდეს ადგილი შანტაჟსა და სხვა მსგავს ქმედებებს“, – განაცხადა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ არსებობს ბევრი ტელევიზია და სხვადასხვა ინტერესი. თუმცა, აქვე ხაზს უსვამს, რომ კანონი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

„უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ კანონი არ დაირღვეს და კანონის სადარაჯოზე ვდგავართ. ჩვენც ვდგავართ, რადგან მედიაპოლიტიკის შემქმნელი მთავარი ორგანო ვართ. ასევე, ბუნებრივია სადარაჯოზე დგანან სამართალდამცეველი ორგანოები და სასამართლო, რათა სიტყვის თავისუფლება არ დაირღვეს“, – განაცხადა ბექაურმა.

რაც შეეხება საკითხს, „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებული სატელეფონო საუბრის გამოძიების საჭიროებაზე, ბექაური დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა შესაბამის ზომებს მიმართავენ. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა რამე ქმედებას ადგილი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან და თუ ჰქონდა, რა ტიპის იყო ეს ქმედება.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.