ივანე მაჭავარიანი - ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია
ხე-ტყის მოპოვების შესახებ კონკრეტულ ინიციატივაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, ამ მიმართულებით იმპორტზე საგადასახადო შეღავათის დაწესებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, ერთი მხრივ, იმპორტის ხელშეწყობა გასაკვირიც იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური.
„ეს არის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ხის მორები და ფიცრები, შეიძლება გაგიკვირდეთ იმპორტის ხელშეწყობა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, სვანეთში მიმდინარე ღონისძიება სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხე-ტყეს სჭირდება გონივრული დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის, რაც ხორციელდება დღეს სვანეთში არის ამ სტრატეგიის ფარგლებში, რადგან მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, არის ხე-ტყის ყალბი დოკუმენტებით რეალიზაციის ფაქტები.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კითხვაზე, არიან თუ არა ამ პროცესში დაკავებული თანამდებობის პირები ან იგეგმება თუ არა, მაჭავარიანი ამბობს, რომ განცხადებას საგამოძიებო სამსახური გააკეთებს.
„მგონი, დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გააკეთებს განცხადებას. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივებთან, რომ ეკოლოგია – „მწვანე ეკონომიკა“ პრიორიტეტი იქნება.
„აქტიურობა არ არის ერთჯერადი და არ არის დაკავშირებული კონკრეტულად საწარმოსთან ან რეგიონთან, ეს იქნება მუდმივ რეჟიმში, მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ექსპორტი საამაყო ნამდვილად არ არის.
„ვთქვით, რომ პირველადი გადამუშავების პროდუქციის – მორებისა და ფიცრების იმპორტის წახალისებაა ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, ასევე გვექნება ექსპორტის შეზღუდვა იგივე სახის პროდუქციაზე, მაგრამ თუ გადამუშავებულია, პირიქით ხელს შევუწყობთ, ეს იქნება ავეჯი თუ სხვა სახის პროდუქცია. თუმცა, პირველადი გადამუშავების, ანუ ნედლეულის ექსპორტი არ არის საამაყო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება.