ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას, აგრესიას, ასევე დანაშაულს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჩაიდინეს
სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია წარმართონ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის სხვა შინაარსით წარმართვას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო შტაბის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით შესანიშნავად ისაუბრა.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოწოდება საარჩევნო კამპანიის შინაარსის თაობაზე. მან ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის კამპანია წარმართონ. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი ასე არ წარიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიის წარმართვას სხვა შინაარსით ცდილობს. ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ მთლიანად შავი პიარითაა დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ევროპა და ამერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან შორსაა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიაშიც იკვეთება.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ნათლად განმარტა მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რასაც 2008 წლის ომი და ზოგადად, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჰქვია, ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ. ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება.
„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჯერ 2012 წელს ჩავაბარეთ. ეს ყველაფერი 2016 წელს კიდევ უფრო გავამყარეთ და შემიძლია, მთელი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება. აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ დასამარდება, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, რას გულისხმობს წინა ხელისუფლების დანაშაულში, კობახიძე ამბობს, „რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტურისტული ქმედება, კრემლში დაწერილი სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა“.
„ეს უმძიმესი დანაშაული იყო. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება, ავანტურისტული ქმედება, თუ არ ვიცი, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებაც კი, ის სცენარი, რომელიც კრემლში იყო დაწერილი, საქართველოში ვერ განხორციელდებოდა. ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, როგორც ჩვენი სამხედროების და სამოქალაქო პირების სიცოცხლე, ასევე ჩვენი ტერიტორიები და ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. უამრავი დევნილი გვყავს და ასეთ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები: სააკაშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ ბედავენ და სხვას ესაუბრებიან 2008 წლის ომის შესახებ. ისინი დამნაშავეები არიან, უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.