სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში შესაძლო დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა ექსპერტიზას გადაეგზავნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის დავალებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში შესაძლო ხარვეზების ამსახველი მასალები გაეგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრი პირადად შეისწავლის, რატომ დაგვიანდა აღნიშნული მასალების ექსპერტიზისთვის გადაგზავნა.
„გრიფირების საკითხთან დაკავშირებით პასუხის გარეშე არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს. ასეთია მიხეილ ბატიაშვილის პოზიცია“, – განაცხადეს სამინისტროში.
მასალების ექსპერტიზაზე გადაგზავნის გადაწყვეტილება მოსაზრებების განმხილველმა დროებითმა კომისიამ 10 ივლისის #4 ოქმის საფუძველზე მიიღო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეთხოვა, რომ საკითხი დაჩქარებულ ვადებში იქნას შესწავლილი. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოზე სამინისტრო კონკურსს განმეორებით გამოაცხადებს, რადგან გრიფირებით დადგინდა, რომ წარმოდგენილი სახელმძღვანელოები თანამედროვე მოთხოვნებთან კონცეპტუალურად შეუსაბამოა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, რომელზეც ჩანს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს „გუგლდრაივში“ იმ საქაღალდეზე აქვს წვდომა, რომელშიც ავტორები გრიფირების კონკურსში წარდგენილ სახელმძღვანელოზე მუშაობენ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის და პერიოდულად, სახელმძღვანელოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციასაც ტვირთავდა. გარდა ამისა, აღნიშნულ საქაღალდეში ატვირთულია „დიოგენეს“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს და ასევე სხვა კონკურენტი სახელმძღვანელოს შეფასებებიც.
„მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მასალებს 4 ივლისს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალა ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროს გადაეგზავნა. მურღულიას თქმით, ექსპერტიზა შეისწავლის, დასტურდება თუ არა წარდგენილი ვიდეოთი, რომ მინისტრის მოადგილის და ლალი გიგაური იმ სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც გრიფირების პროცესში მონაწილეობდა. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში დღეს პირველ არხს განუცხადეს, მასალები ექსპერტიზაზე ამ დრომდე არ იყო გადაგზავნილი.