გაერთიანებულ ოპოზიციას თითოეული დარღვევის ფაქტი დაფიქსირებული აქვს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენ თითოეული დარღვევის ფაქტი დაფიქსირებული გვაქვს. თუმცა ჯერ შუა პერიოდში ვართ. სამწუხაროდ, როგორც წესი, სტანდარტია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდანაც ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ თავის გაყალბების მექანიზმებს მოსაღამოვებულზე უფრო ააქტიურებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ძალიან მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა დიდ ქალაქებში, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ პირველი ტური მოიგო.
„აქტივობა მაღალია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ. დარწმუნებული ვართ, ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდი საპროტესტო განცდა აქვს იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რაიონებში, სადაც მათ მოიგეს მანიპულაციებით, აქტივობა მაღალი არ არის. ახლა შეეცდებიან, იქ გაზარდონ მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ვფიქრობ, იმხელა იქნება სხვაობა, რომ ამ შედეგს მანიპულაციები ვერ უშველის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში ყველა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განვითარების ახალი ეტაპი დაიწყოს.