გიორგი მიქაუტაძე - ექვს ანონიმურ პირთან ინტერვიუზე 100 გვერდიანი კვლევის აგება არასერიოზულია
შესაძლებელია, რომ ნახევარმილიონიანი საქმის განმხილველი ორგანიზაცია ექვსმა კაცმა შეაფასოს და აქედან მომზადდეს ობიექტური კვლევა?,- ასეთი კითხვით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებს სხდომაზე, სადაც ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა განიხილება.
საუბარია კვლევაზე, რომელიც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეხება.
გიორგი მიქაუტაძემ ეჭვი შეიტანა კვლევაში მოყვანილი ანონიმური ინტერვიუების სიზუსტეში და განაცხადა, რომ მათ ნათქვამზე 100 გვერდიანი კვლევის აგება არასერიოზულია.
მისივე თქმით, კვლევას აქვს გარკვეული მიზნები, რის გამოც ის ჩატარდა. საბჭოს მდივნის განმარტებით, მოხარული იქნებოდა, თუ შეფასება ობიექტური აღმოჩნდებოდა, რადგან სასამართლო სისტემაში მართლაც არსებობს ხარვეზები და მათი გამოსწორებისთვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა.
„სასამართლო სისტემა შეფასებული არის ექვსი ადამიანის გამოკითხვით. აქ არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საკმაოდ ხისტი და უხეში ფირმით არის მოცემული. ამასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. სულ რომ ობიექტური იყოს ეს ექვსი ადამიანი, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სიმართლეს ამბობენ, არ არიან ტენდენციური და მიკერძოებული. თუ ასეთი უნივერსალური ექვსი ადამიანი გვყავს, ჩავაბაროთ მათ სასამართლო სისტემა. თუ ამდენი იციან და ამდენი შეუძლიათ, ალბათ მიხედავენ და ისეთ შედეგებს დადებენ, რომ შეიძლება გასაოცარი ამბავი ვიხილოთ. არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არასერიოზულად გამოიყურება . ფაქტია, გარკვეული მიზნები არსებობდა და კვლევა სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ჩატარდა და არა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მოხარული ვიქნებოდი, რომ მართლა ობიექტური კვლევა მიგვეღო. არავინ ამბობს, რომ სადმე შესაძლოა, არ იყოს კორუფცია, ან დანაშაული არ ხდებოდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა ვიზრუნოთ, გავხდეთ უკეთესები”,- განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.