გიორგი მარგველაშვილი - გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი და არც ჩვენი რწმენა
გიორგი მარგველაშვილი - გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი და არც ჩვენი რწმენა

10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში, ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, როგორც აფხაზეთში, ისევე ცხინვალის რეგიონში.  10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც მორალი და არც რწმენა.

„დღეს, როდესაც  ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი და არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა ის ადამიანი, ვისაც სიმძიმე აქვს დღეს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც და ასე მოხდება მომავალშიც“ , – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.