გიგი წერეთელი - ვფიქრობ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები რეზოლუციას „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარს დაუჭერენ
რეზოლუცია „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“, მხოლოდ საქართველოს შესახებ არ არის და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – აღნიშნული განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტს ასამბლეის წევრები მხარს დაუჭერენ.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, ეს არის ზოგადად პრობლემა საერთაშორისო დღის წესრიგის უსაფრთხოების და იმ პრინციპების დარღვევის, რაც ეუთო-შია – ინტერვენცია, ძალით საზღვრების შეცვლა, ძალის გამოყენება მეზობლების მიმართ და ა.შ. ამიტომ, ამ რეზოლუციას დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ის საქართველოს ეხება, ომის 10 წლის თავს, მაგრამ ვფიქრობ, ასამბლეის წევრები მხარს დაუჭერენ და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, განხილვების პარალელურად, სხვადასხვა შეხვედრა იმართება.
„მქონდა შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტთან, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ფინანსთა მინისტრთან, კანცლერის მოადგილესთან. ბევრი შეხვედრაა, სადაც როგორც ქართველს, მაქვს საუბარი ჩემ ქვეყანასთან დაკავშირებით. მთლიან კონტექსტში, საქართველოს აქვს გერმანიის მხარდაჭერა, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის ევროპულ გზას. დროში როგორ მოხდება ამ ყველაფერის რეალიზება, ეს საქართველოს საკითხიც არის, როგორ მოახერხებს ამას ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ იმსჯელებენ. პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტში ტექსტს პუნქტობრივად განიხილავენ და კენჭს უყრიან, მოგვიანებით კი, რეზოლუციის კენჭისყრა პლენარულ სესიაზეც გაიმართება. რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ 17 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთის მიხედვით, დაგმობილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და რუსეთს ევალება, რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები. ტექსტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე.