ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმსჯელებენ რეზოლუციის პროექტზე - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმსჯელებენ რეზოლუციის პროექტზე - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ.

პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტში ტექსტს პუნქტობრივად განიხილავენ და კენჭს უყრიან, მოგვიანებით კი რეზოლუციის კენჭისყრა პლენარულ სესიაზეც გაიმართება.

რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ 17 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთის მიხედვით დაგმობილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და რუსეთს ევალება, რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

დოკუმენტში ასევე ითვალისწინებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები. ტექსტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე.

ასამბლეაზე რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ქაცარავა წარადგენს. მისი თქმით, პროექტი, სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას.