დავით ზალკალიანი - ყველა თემა, რომელზეც საუბარია ნატო-ს კომუნიკეში, ხვალინდელ სამმხრივ შეხვედრაზე ფართოდ იქნება გაშლილი
ველით ხვალინდელ უპრეცენდენტო შეხვედრას, რომელიც გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ხვალ დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ნატო-ს, საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
„მინდა ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ველით ხვალინდელ უპრეცენდენტო შეხვედრას, რომელიც გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.
შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ნატო-ს, საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სავარაუდოდ ამ შეხვედრას მოჰყვება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ვრცელი, მოცულობითი და შინაარსით უფრო დატვირთული იქნება“,- განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა თემა, რომელზეც საუბარია კომუნიკეში, ხვალ ფართოდ იქნება გაშლილი.
„მათ შორის იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და საუბარი იქნება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, საქართველოს ნატო-სთან თავსებადობას და დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ს ინტეგრაციის თვალსაზრისით“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ხვალ ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს, უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით. დეკლარაციის საბოლოო ტექსტი ცნობილია და მასში საქართველო 18-ჯერ არის ნახსენები. ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომლის მიხედვით საქართველო ალიანსის წევრი გახდება.