არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით სარგებლობენ ჩვენი აფხაზი ძმებიც, რომლებისთვისაც ეს მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით დღეს სარგებლობენ ჩვენი აფხაზი ძმებიც, რომლებისთვისაც აღნიშნული მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, C ჰეპატიტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გაკეთდა.
„C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, აფხაზეთში. ამ პროგრამაზე თავის დროზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რისთვისაც მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პროგრამა გრძელდება და პრაქტიკულად, მიზერული დანახარჯებით, მოქალაქეებისთვის 80-90 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მკურნალობა ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფილია.
„რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას, საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით შეცვალა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ამ სფეროში თამაშის წესები. საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც დაანახა საზოგადოებას და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამ სფეროში შესაძლებელია ისეთი წარმატების მიღწევა, როგორიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამერიკელი პარტნიორების უდიდესი დამსახურება.
„უდიდესი დამსახურება აქვს პროგრამის წარმატებაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას და მინდა, ასევე ხაზგასმით გამოვყო ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების ძალიან დიდი წვლილი ამ პროგრამის წარმატებაში. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა C ჰეპატიტის პროგრამის წარმატება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C დაიწყო.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2020 წელს საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს, მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით.