ანდრეა ტომპსონი - საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს განვლილი გზა და მაგალითები
ანდრეა ტომპსონი - საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს განვლილი გზა და მაგალითები

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარმა მრჩეველმა, ანდრეა ტომპსონმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს განვლილი გზა და მაგალითები – ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“.

„თანამშრომლობა დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ანდრეა ტომპსონის შეფასებით, ბევრი სამუშაო ჩატარდა ნატო-ს მიმართულებით, თუმცა ნაბიჯები მომავალშიც უნდა გადაიდგას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ნაბიჯები მომავალშიც უნდა გადაიდგას. ეს რეფორმირების პროცესს შეეხება, იქნება ეკონომიკური განვითარება, თუ მართლმსაჯულება. განვითარება ნებისმიერ დემოკრატიულ წყობას სჭირდება.  ეს შემიძლია, საკუთარი ქვეყნის, ამერიკის მაგალითზე გითხრათ“, – განაცხადა  შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარმა მრჩეველმა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკაც ახალგაზრდა დემოკრატიაა და შესაბამისად, მუდმივად განვითარების პროცესშია.

„ვცდილობთ, რაც გვაქვს, კიდევ უფრო განვავითაროთ. ეს ხალხის არჩევანია. შეგიძლიათ, ჩრდილოეთით თქვენს მეზობელს და სხვა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს  შეხედოთ და შედარება გააკეთოთ, რა უკეთესია“, – განაცხადა ანდრეა ტომპსონმა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.