ლიუდმილა დენისოვა - ჩვენ ვიცით მეგის ქარდავას საქმე, შესაბამისი ორგანოები თუ მიიღებენ ექსტრადირების გადაწყვეტილებას, მას ექნება უფლება, მიმართოს ომბუდსმენის ოფისს
ომბუდსმენს არ აქვს უფლებამოსილება სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ამ ადამიანის საქმე, თუ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ ექსტრადირების გადაწყვეტილებას, მას ექნება უფლება, რომ მიმართოს ომბუდსმენის ოფისს, – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლიუდმილა დენისოვამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც არიან გასამართლებული საქართველოს სასამართლოს მიერ და იხდიან სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა აქვთ სურვილი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოიხადონ სასჯელი.
ლიუდმილა დენისოვა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
„ომბუდსმენს არ აქვს უფლებამოსილება სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ამ ადამიანის საქმე. თუ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მას ექნება უფლება, რომ მიმართოს ომბუდსმენის ოფისს. მეორე პრობლემა არის, რომ ძალიან ბევრი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც არიან გასამართლებულები საქართველოს სასამართლოს მიერ და იხდიან სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მათ აქვთ სურვილი, რომ მოიხადონ სასჯელი უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე ჩვენ ველოდებით შესაბამისი ორგანიებისგან შესაბამის დოკუმენტებს, რომ მათ მოიხადონ სასჯელი უკრაინის ტერიტორიაზე, ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლიუდმილა დენისოვამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც „ფეისბუქზე“ მეგის ქარდავას სახელით მისი მეუღლე აქვეყნებს.
მეგის ქარდავა განცხადებაში სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა დაიცვან მისი უსაფრთხოება.