ლიუ ჰუი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ შარშან მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლიუ ჰუიმ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში„მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მიიღო მონაწილეობა.
„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს ექვს კორიდორს, ექვს ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით, საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ, ჩინეთ-საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში კი, უკვე 900 მილიონ დოლარს მიაღწია“, – აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.
ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში.
„ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოჰყვება ფართო გამოხმაურება საზოგადოების და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ გამოხატულებაა „აბრეშუმის გზის“ სულისკვეთების, დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ ფორუმზე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და უფრო კარგად ითანამშრომლებენ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა თავის გამოსვლისას სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს პრეზენტაცია, ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში ჩინეთიდან.
თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.