გერმანიამ ლიტვაში, ნატო-ს ბაზაზე 14 ახალი ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯავშანტრანსპორტიორები დანიშნულების ადგილას ოთხ დღეში ჩავლენ.
საბრძოლო მანქანები 292-ე ბატალიონის შემადგენლობაში შედიან.
ექვსთვიანი როტაციის პრინციპით, აღნიშნული ბატალიონი ნატო-ს ბაზაზე ამჟამად მყოფ სამხედროებს შეცვლის.
როგორც სამხედრო დანაყოფის მეთაურმა ვოლფ რიუდიგერ ოტომ განაცხადა, ლიტვაში სულ გაგზავნილია 150 სატრანსპორტო საშუალება და 60 კონტეინერი.
ლიტვაში საერთო ჯამში, ნატო-ს 1200 სამხედროა განთავსებული.
ბატალიონს გერმანია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში გერმანელი ჯარისკაცების გარდა, საფრანგეთის, ბენილუქსის ქვეყნების, ნორვეგიისა და ხორვატიის სამხედროები შედიან.
2016 წლის ივლისში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოთხი ბატალიონია განთავსებული.