ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ გამოცდილ პრაქტიკას უკრაინაში იყენებს
რუსეთი უკრაინაში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოცდილ პრაქტიკას მიმართავს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
როგორც ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობას უხეშად არღვევს და ახალი ტერმინების დამკვიდრებას ცდილობს.
„რუსეთი იყენებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოცდილ პრაქტიკას. ეს დასრულდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით. ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და ახალი ტერმინის დამკვიდრება – „ბორდერზიაციასთან“ ერთად, „პასპორტიზაცია“. სამწუხაროა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელის უკვე მოაწერა და დოკუმენტის ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.