ლინას ლინკევიჩუსი - ლუკაშენკო სასოწარკვეთილად ცდილობს, დაასაბუთოს რუსეთის დახმარების მოწოდება და გაანადგუროს ქვეყნის დამოუკიდებლობა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს ჯარების მობილიზება ხდება.
ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
„ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების კონცენტრაციის ზრდის შესახებ, სიცრუეა. როგორც ჩანს, ის სასოწარკვეთილად ცდილობს, დაასაბუთოს რუსეთის დახმარების მოწოდება და მთლიანად გაანადგუროს ქვეყნის დამოუკიდებლობა. სამწუხაროა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.