ლინას ლინკევიჩუსი - ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია
ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ქვეყნის ეროვნულ რადიო და ტელემაუწყებლობასთან ინტერვიუში განაცხადა.
ლინკევიჩუსის თქმით, როდესაც მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა, მსგავსი ნაბიჯები დაბალანსებულად და პასუხისმგებლობით უნდა გადაიდგას, რადგან შესაძლოა, თავად ამ ქვეყნის წინააღმდეგ შემობრუნდეს.
„იყო განცხადება, რომ ნახევარი არმია გადაისროლეს დასავლეთ საზღვრის დასაცავად. ჩანს, რომ აქ რაღაც ემუქრება, ვინმე თავდასხმას აპირებს. ეს არის არაადეკვატური რეაქცია არაადეკვატური ადამიანის მდგომარეობის დროს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრებს ჩაკეტავს, უკრაინასთან კი გაამაგრებს, რადგან „უცნობია, რას გადააგდებენ“ დასავლელი პარტნიორები შემდგომში.