ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს. ბელარუსის პრეზიდენტის ამ განცხადებას ბელარუსული მედია გამოცემა TUT.BY-ი ავრცელებს.

„ჩვენ იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან. ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ უსაფრთხოება ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ქალთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ასევე ისაუბრა 9 აგვისტოს არჩევნებზე და თქვა, რომ გაყალბება არ ყოფილა.

„გეფიცებით, არავითარი ტყუილი არჩევნებზე არ ყოფილა. არჩევნების 80%-ით ფალსიფიცირება შეუძლებელია. ჩემს ოპონენტებს არ სჭირდებოდათ არჩევნების შედეგები. მათ მშვიდობიან დედაქალაქზე თავდასხმა უბნების დახურვამდე ორსაათ-ნახევრით ადრე დაიწყეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, „ბელარუსის მეზობელი ქვეყნები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ვენესუელის სცენარის მსგავსად მოქმედებენ“.

„ვენესუელის მსგავსად, მათ იპოვეს ხუან გუაიდო, ოღონდ ქალი, ანუ სვეტლანა ციხანოვსკაია და ის აღიარეს პრეზიდენტად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში ვითარების დაძაბვის სცენარი ათი წელი მუშავდებოდა.

„ყველა ნიღაბი ახლავე უნდა ჩამოვხსნათ და დავასახელოთ ეს მოთამაშეები. გლობალური ცენტრების დონეზე, პირველ რიგში ეს აშშ-ია, უფრო კონკრეტულად – ე.წ. დემოკრატიის მხარდამჭერს ფონდების ქსელი. ევროპის კონტინენტზე აქტიურად მოქმედებდნენ ამერიკის სატელიტი ქვეყნები – პოლონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი და სამწუხაროდ, ჩვენი უკრაინა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

დატოვე კომენტარი