ლინას ლინკევიჩუსი - ლიტვა ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ი არ სჭირდება
ღია კარის პოლიტიკაზე საუბრის დროს, ნატო ყველა ასპირანტს ერთად ასახელებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.
რაც შეეხება MAP-ს, როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა “პირველ არხთან” საუბრისას აღნიშნა, ლიტვა ფიქრობს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმა არ სჭირდება.
“ამ თემაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ და დამატებითი ინსტრუმენტები, რაც შეიძლება MAP-ით მიიღოთ, საჭიროებას არ წარმოადგენს. საჭიროა კონსენსუსი და არა – MAP-ი.
მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. იმ წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ არ არიან მზად პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, შესაძლოა თქვან, რომ საჭიროა MAP-ი – წევრობის სამოქმედო გეგმა. როდესაც არ ხარ მზად გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ ტექნიკურ მიზეზებს ეძებ და ასეთი არგუმენტად შეიძლება MAP-ი იყოს. გირჩევთ, გააგრძელოთ რეფორმები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი აუცილებლად დადგება.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ არ ხართ მარტო და წევრობის დაპირებაც ნატო-ს დეკლარაციით გაქვთ”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.