ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში 117 ადამიანი ცხოვრობს
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში 117 ადამიანი ცხოვრობს

ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, დღეისთვის, 117 ადამიანი ცხოვრობს – ამის შესახებ პირველ არხს დაწესებულების დირექტორის მოადგილემ ნინო ბისიეშვილმა განუცხადა. მისი განცხადებით, თავშესაფრებში მომვლელის შტატი არ არის გათვალისწინებული. ამის გამო, ისეთ ადამიანებს ღებულობენ, ვისაც თავის მოვლის უნარი აქვს.

მისივე თქმით, მუნიციპალურ თავშესაფარში ხვდებიან ისეთი პირებიც, ვის სახელზეც ქონება რეგისტრირებული არ არის.

თავშესაფარში ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ფლიგელებში ცხოვრობენ. ყველა ოთახი თბება და სუფთავდება. თითო ოთახში კარადები და 5 ორსართულიანი საწოლი დგას.

„ყოველთვის სხვადასხვა რაოდენობაა ბენეფიციარების, თუმცა 240 არასდროს ყოფილა. თავშესაფარში არის ორჯერადი კვება და მენიუ მრავალფეროვანია – არის ცილოვანი პროდუქტები, მათ შორის ხორცი, ასევე სუპები, ფაფები, კაკაო, ჩაი, არაჟანი, კომპოტი. კვების რაციონი, როგორც ყოველდღიურად, ასევე სეზონურადაც იცვლება. თავშესაფარს საკვებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამარაგებს“, – განაცხადა ბისიეშვილმა.

მისივე თქმით, თავშესაფარში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურებაა. კვების და სამედიცინო მომსახურეობის გარდა, ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეც ზრუნავენ და მათ პროფესიის შეძენაში და შემდგომ დასაქმებაშიც ეხმარებიან.

თბილისის მუნიციპალიტეტში ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის გარდა, სხვადასხვა რაიონებში – ვარკეთილში, დიდ დიღომსა და ორხევში სოციალური საცხოვრისებია განთავსებული, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრისები თბილისის ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარით ფინანსდება.