ლილოს, ე.წ. დინამოსა და ელიავას ბაზრობის შემდეგ, „პისიარ“ კვლევები სხვა ბაზრობებზეც ჩატარდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „პისიარ“ ტესტირება უკვე ჩატარდა ლილოს, ასევე ე.წ. დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე.
როგოც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბაზრობებზე საკმაოდ გამკაცრდა მონიტორინგი, მას შემდეგ, რაც გარკვეული კვეთა იყო გარდაბნის შემთხვევების ლილოს ბაზრობასთან.
„თავიდან საგანგაშო სიგნალი იყო ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებით, ამიტომაც იქ დაიწყო და ათი დღე მიმდინარეობდა მასობრივი, ფართომასშტაბიანი, „პისიარ“ ტესტირება და დაახლობით 4800 ადამიანი გამოიკვლიეს. პირველ დღეს გვქონდა ჩვენ ოთხი შემთხვევა სწორედ იმ რიგში, სადაც ეს კვეთა იყო და შემდეგ 4800-დან მხოლოდ ორი შემთხვევა. ლილოს ბაზრობაზე შერჩევითი კვლევა არ იყო, ყველა, ვინც მუშაობდა იმ პერიოდში, იქნა გამოკვლეული. დანარჩენ ბაზრობებზე ჩვენ დავიწყეთ შემთხვევითი შერჩევით კვლევები და სპეციალური პროტოკოლი გაკეთდა, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი მუშაობდა. ძალიან კარგი თანამშრომობა იყო ბაზრობის ხელმძღვანელებთან, კარგად ორგანიზებული იყო. გუშინწინ დამთავრდა ე.წ. დინამოს ბაზრობაზე 500 ნიმუშის კვლევა და არც ერთი დადებითი არ იყო. დღეს დამთავრდება ელიავას ბაზრობა, იქ უკვე გახლავთ სადღაც 350 ნიმუში გამოკვლეული და იქაც ყველა უარყოფითი შედეგი გახლდათ, მაგრამ ჯერ სრულად არ დამთავრებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბაზრობები სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებულია რისკია, სწორედ ამიტომ ჩატარდა კვლევები.
„თუ საჭიროება იქნება, კვლევები ჩატარდა სხვა ბაზრობებზეც მომავალში, მაგრამ ამ ეტაპზე ვნახეთ, რომ ბაზრობებზე მიუხედავად დიდი მობილობისა, ვფიქრობ, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის. საკმაოდ გამკაცრდა მონიტორინგი, მონიტორინგის სხვადასხვა სამსახურები დადიან ბაზრობებზე და აკვირდებიან, რამდენად ყველა ატარებს პირბადეს, დისტანცია თუ არის დაცული, თემოსკრინინგი მიმდინარეობს თუ არა, ხელის სადეზინფექციო საშუალებები თუ არის, წარმოიდგინეთ, რომ წესებს მეტნაკლებად იცავენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.