„ლილო მოლის“ ადმინისტრაცია საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდებს, 26 და 27 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნას და მეწარმეებს საქონლის გაყიდვის უფლება მიეცეთ
„ლილო მოლის“ ადმინისტრაცია ბაზრობების არგახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს და საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდებს, მხოლოდ ორი დღით – 26 და 27 დეკემბერს მეწარმეებს მიეცეთ საქონლის გაყიდვის უფლება.
როგორც „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია განმარტავს, იმ მოლოდინით, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნებოდა, მეწარმეებმა განახორხიელეს ასობით მილიონი ლარის ღირებულების ზმთრის სეზონისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი, საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით კი იქმნება საშიშროება, რომ ეს საქონელი ერთი წლით გაუყიდავი დარჩება.
„მუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია „ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე. იმ მოლოდინით, რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისათვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ გაუყიდავი დარჩეს ფაქტობრვად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს.
ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით.
ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ“, – ნათქვამია „ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.