ლილიან მორი პასკიე - ოცი წლის განმავლობაში საქართველომ გამოავლინა ევროპისა და ევროპული ფასეულობებისკენ სწრაფვის სულისკვეთება
საქართველოში ჩემი ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ხაზი გავუსვათ თანამშრომლობას, რომელიც არის საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პასკიემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად ძალიან სასუხარულოა. ძალიან საინტერესო იყო ირაკლი კობახიძესთან საუბარი. დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანაშრომლობის გაძლიერებას. უკვე ოცი წლისთავია საქართველოს გაწევრიანებისა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ვფიქრობ, ამ ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ გამოავლინა სულისკვეთება ევროპისკენ და ევროპული ფასეულობებისკენ სწრაფვისა, დემოკრატიული რეფორმები განახორციელა სხვადასხვა ინსტიტუციაში“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
მან ამაში ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წვლილი აღნიშნა.
„ჩვენ ყველანი ასოცირებული ვართ ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან. ვფიქრობ, ასეთი პოზიტიური მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა საკითხებს.
„სპიკერთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, როგორიც არის: სასამართლო სისტემის რეფორმა, კორუფციათან ბრძოლა და ა.შ. ასამბლეა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ინსტიტუციებს ისეთ საკითხებში, როგორიც არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას გზების, რომ მოგვარდეს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და განსაკუთრებით, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სხვა პირებს შეხვდება. ხვალ კი, საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს დღეს პარლამენტში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.